ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებისთვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია. მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ორბელიანების სასახლეში დღეს საახალწლო მიღება გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრები. საზეიმო მიღება პრეზიდენტის სიტყვით გაიხსნა. სალომე ზურაბიშვილმა შერიგების მნიშვნელობასა და პოლარიზაციის დასრულების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად თვლის, პრეზიდენტობის დარჩენილი 3 წლის განმავლობაში შერიგების პროცესი დაიწყოს. მისი თქმით, საზოგადოება უკვე გადაღლილია ქვეყანაში არსებული პრობლემებით, რასაც ემატება პანდემიაც და მოქალაქეები ვეღარ ხედავენ პერსპექტივას. პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეკრების მიზანი ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა იყო.
საახალწლო ღონისძიებას ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი დაესწრო. მათი თქმით, ეროვნული შერიგება არ არის მოკლევადიანი პროცესი და მისი განხორციელებისთვის დიალოგი აუცილებელია. მათივე თქმით, პრეზიდენტს დღეს სწორი გზავნილები ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენმა ორბელიანების სასახლეში „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც მიიწვია, მათ ფორმატის გამო საახალწლო მიღებაზე მისვლაზე უარი თქვეს. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, იმ ფონზე როცა ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება, მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია, იჭერენ პოლიტიკურ ლიდერებსა და მედიამენეჯერებს, შერიგება ძალიან რთული იქნება, თუმცა, მათივე თქმით, საუბარი აუცილებლად უნდა დაიწყოს რადგან ეს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება.
საახალწლო მიღებაზე იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის ლიდერებიც. ირაკლი კობახიძე, დავით სერგეენკო და არჩილ თალაკვაძე. ამბობენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან დიალოგმა სისტემის სტაბილურობას და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობას უნდა შეუწყოს ხელი.