აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტი მიუღებელია მედია ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან ტელევიზიებს აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამა ეკრძალებათ. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში ტელეკომპანიები ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, ამიტომ ისინი კანონპროექტის მიღების გადავადებას და გონივრული ვადის მიცემას ითხოვენ, იმისთვის, რომ ფინანსური დანაკლისის დაკომპენსირება შეძლონ.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონპროექტი დამოუკიდებელი მედიის გარდა პრობლემებს უქმნის სათამაშო ბიზნესს. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად მათ 70%-მდე ეზრდებათ გადასახადები. კანონის დამტკიცების შემთხვევაში თამაშებზე წვდომა მილიონამდე ადამიანს ეზღუდება. თამაში ეკრძალებათ 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა რეგულასციების გამკაცრებას მოჰყვეს. გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვები პრობლემას არ მოხსნის და პირიქით მოსახლეობის დიდი ნაწილი არალეგალურ უცხოურ საიტებზე გადალაგდება. ამიტომ სათამაში ბიზნესი კანონპროექტის გადავადებას, საკითხის განხილვაში სპეციალისტების ჩართვას პრობლემის სიღრმისეული კვლევის ჩატარებას ითხოვს.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. თვლიან, რომ კანონის გამკაცრებით, რეალური პრობლემა არ აღმოიფხვრება. მათი შეფასებით კანონპროექტი ერთის მხრივ მედიაბაზარს დააზიანებს, მეორე მხრივ კი აზარტული თამაშები არაკონრტოლირებადი გახდება. მედიის და ბიზნესის არგუმენტებს არ იზიარებს არც ფინანსთა სამინისტრო და არც საპარლამენტო უმრავლესობა. ისინი კანონპროექტის გადავადების აზრს ვერ ხედავენ და თვლიან, რომ ბიზნესს შემოსავლები გადავადების შემთხვევაშიც შეუმცირდება.
დარგობრივი ეკომიკის კომიტეტს დღეს სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქო კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში ჩართული იყო და რიგი პუნქტების შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს. ანდრია ჯაღმაიძე რეგულაციებს მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ ბიზნესის ინტერესებზე მეტად პრიორიტეტული მოსახლეობის დაცვაა.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კიდევ ორი მოსმენით უნდა განიხილოს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განსახილველად სესიაზე გავა.