მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლორთქიფანიძემ შეიმუშავა. ასეთია მთავარი საგამოძიებო უწყების ახალი ვერსია. ირაკლი შოთაძის უწყებამ ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში, ამავე საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატყვირთო მანქანით, ძებნილი მესამე პრეზიდენტი, საქართველოს საზღვარზე გადაეყვანა. პროკურატურამ სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა აუდიო მტკიცებულებაც, რომელშიც გამოძიების ვერსიით ლორთქიფანიძე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას ესაუბრება.
გიორგი ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას 2011 წელს იკავებდა. ეს არ არის პირველი ბრალდება, რომელსაც ყოფილ მაღალჩინოსანს მოქმედი ხელისუფლება უყენებს. ლორთქიფანიძე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზეც. მას პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძე ახლა უკრაინაში იმყოფება. ახალი ბრალდების დადგენილება ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატებს საგამოძიებო უწყებაში გააცნეს.
გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მესამე პრეზიდენტი მიმართვას გორის ჰოსპიტალიდან ავრცელებს და წერს რომ პროკურატურის ნაბიჯი რუსული დაკვეთაა.
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ წარუდგინეს. ამავე საქმეზე ექსპრეზიდენტის დახმარებისთვის საპატიმროში არიან ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. საზღვის კვეთის ბრალდება მეხუთე საქმეა,რომელსაც საგამოძიებო უწყება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ედავება. საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 22 დეკემბერს გაგრძელდება.