ვისი გადაწყვეტილებით დატოვა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა | 10.12.2021

ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზად მმართველ გუნდში რაიმე დაპირისპირების არსებობას „ქართული ოცნების“ ლიდერები გამორიცხავენ. ამბობენ, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ტიკარაძემ თავად მიიღო და ეს დაპირისპირების მიზეზით არ მომხდარა. მმართველი პარტიიდან გამონაკლისი გია ვოლსკი იყო, რომელმაც ტიკარაძის გადადგომა რიგით საკადრო ცვლილებად მონათლა, თუმცა ამავდროულად პოზიციების შეუთანხმებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ტყუილად არაფერი ხდება“.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა მისი პირადი არჩევანი და ამა თუ იმ მინისტრის გადადგომასა და დანიშვნაზე გადაწყვეტილებას პირადად ბიძინა ივანიშვილი იღებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ტიკარაძის გადადგომა, “ოცნების” დაშლის წინპირობაა  და არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში თავად პრემიერი ღარიბაშვილიც გადადგეს. მათი თქმით,  ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის წასვლა მისი და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის და კოვიდპანდემიის არასწორად მართვის გამო არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ მთავრობის სრული შემადგენლობა უნდა გადადგეს.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა როგორც ირკვევა მოულოდნელი იყო მისი გარემოცვისთვის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ტიკარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ გუშინ გაიგო. თუმცა, თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ  “ცვლილების დროა” და მინისტრმაც გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ მიიღო.

თამარ გაბუნიასგან განსხვავებული ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ელოდნენ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები. მათი თქმით, ჯანდაცვის მინისტრს, მწვანე პასპორტის თემაზე ირაკლი ღარიბაშვილთან უკვე ღია დაპირისპირება ჰქონდა და მისი პოსტიც სწორედ განსხვავებულ მოსაზრებებს შეეწირა. ჯანდაცვის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა არასწორად მართული კოვიდპანდემიაც იყოს.

ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. თქვა, რომ მინისტრის პოსტიდან მიდის, თუმცა საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ვინ შეცვლის ჯანდაცვის მინისტრს ჯერ-ჯერობით უცნობია. მმართველ პარტიაში კი კონსულტაციები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით „ქართული ოცნება” ჯანდაცვის მინისტრად სამ კანდიდატს განიხილავს: არჩილ თალაკავაძეს, ნინო კობახიძეს და ლევან რატიანს.