რამდენიმე საათიანი პროტესტი შეწყვეტილია. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს. ექსპრეზიდენტმა გუშინ ღამე პროტესტის ნიშნად, მკურნალობაზე უარი თქვა. მსჯავრდებული ამბობდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ხმაურიანი დასკვნიდან რამდენიმე საათში მასთან გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი შევიდა, მათგან ერთი, მის წამებაში მონაწილეობდა. მესამე პრეზიდენტის თქმით ციხის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ სამედიცინო აპარატის დაზიანების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინურ ზომებს გაატარებდნენ, რის გამოც შეხვედრები და ტელევიზორზე წვდომა შეეზღუდებოდა. თუმცა დღეს დილით ადვოკატებმა განმარტეს,რომ მას შემდეგ რაც პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.
მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს განცხადებით უპასუხა პენიტენციურმა სამსახურმა. ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არც შეხვედრები შეუზღუდავთ და არც ტელევიზორი ჩამოურთმევიათ. უწყება განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან რაიმე სახის კავშირი არ აქვს. განცხადებაშია ნათქვამია, რომ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი მისთვის უფლება-მოვალეობების ოქმის გაცნობას ემსახურებოდა, რაზეც მან უარი განაცხადა და დაწესებულების თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მომზადებული ხმაურიანი დასკვნა, კვლავ განხილვის მთავარი საკითხია. გამოძიებით დადგინდა, რომ ექსპრეზიდენტის პერსონალური მონაცემები უხეშად დაირღვა. ინსპექტორის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების გასაჯაროებით, პერსონალური მონაცემები დაირღვა. ინსპექტორის ყურადღების ცენტრში მოექცა, გლდანის ციხეში შესახლების კადრებიც. უწყების შეფასებით, კადრების გასაჯაროება, რომელშიც ექსპრეზიდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ხელში აწეული, წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში გადაჰყავთ, ღირსების შემლახავია. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დაეკისრა. უწყების განმარტებით, ყველა ვიდეო მასალა უნდა წაიშალოს. თუმცა უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე განმარტავს, რატი ბრეგაძის უწყებას კადრების წასაშლელად რამდენიმე დღიანი ვადა აქვს.
ამ დრომდე უცნობია დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს. მოსამართლემ ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე უნდა იმსჯელოს. ადვოკატები არ გამორიცხავენ,რომ პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულის ეტაპირებაზე უარი თქვას.
სასამართლო პროცესის პარალელურად, ადვოკატები ცენტრ ემპათიას დასკვნას ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია შემაჯამებელ საექსპერტო დოკუმენტს ამზადებს.