დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ახალი მთავრობა დაამტკიცა. ხმაურის და სიტყვიერი დაპირისირების ფონზე “ქართულმა ოცნებამ” კახა კალაძის გუნდს მხარი დაუჭირა. სხდომა მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ, კახა კალაძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში და ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ კი კალაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს საკრებულოს მთავარი ჯამბაზი უწოდა და თქვა, რომ ნადირაძემ საკუთარი განცხადებებით ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლა.
ოპოზიციის მთავარი შეკითხვები სწორედ დედაქალაქის მერიაში არსებულ კორუფციას ეხებოდა. რაც საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი რამდენჯერმე გახდა. “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა “ლელოს” წევრის საბა ბუაძის განცხადებებიც, რომელმაც კახა კალაძეს თბილისის ყველაზე კორუმპირებული მერი უწოდა.
კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე კახა კალაძემ დეპუტატებს 10 რაიონის გამგებელი და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარუდგინა. თბილისის მერმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც ახალ მთავრობასთან ერთად მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს. ოპოზიცია კალაძის გუნდს მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან მათი თქმით თბილისის მერმა თანამდებობებზე ისევ ის ადამიანები დანიშნა, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებიათ. ოპოზიციის კრიტიკას არაჯანსაღს უწოდებენ “ქართული ოცნების” წევრები. მათი განცხადებით გასული 4 წლის განმავლობაში მერიის მუშაობა წარმატებული იყო, ამიტომ თბილისის მთავრობის იგივე გუნდით დაკომპლექტება გასაკვირი არ არის.