“ამოიღე პროპაგანდისტული წიგნი პროგრამიდან” – ამ მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. პარტია “დროა” და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წელს დამტკიცებული მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს სასწავლო პროგრამიდან დაუყოვნებლივ ამოღებას ითხოვენ. მიზეზი წიგნში არსებული ის ქვეთავებია, რომლებიც აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ხოტბის შესხმა ხდება. ვარდების რევოლუციის როლი კი დაკნინებულია და უარყობით კონტექსტშია წარმოჩენილი.
წიგნი, რომლითაც მე-9 კლასის მოსწავლეებს ასწავლიან 2020 წელს “დიოგენემ” გამოსცა და ამავე წელს განათლების სამინისტროს გრიფირებაც მიიღო. მასში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ცალკე ქვეთავია გამოყოფილი, სადაც მითითებულია, რომ ივანიშვილი ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედია, ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. ამავე წიგნში შეფასებულია ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდიც და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრა, თუმცა დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა. საუბარია დაჭერებზე, მკვლელობებზე, მათ შორის ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე. საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკა კი აგვისტოს ომთან დაკავშირებულმა ჩანაწერმა გამოიწვია, სადაც იკითხება, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
“ბიძინა ივანიშვილისგან პიროვნების კულტუს შექმნის და უახლესი ისტორიის გადაწერის მცდელობა” – ასე აფასებს მე-9 კლასის სახელმძღვანელოში არსებულ ჩანაწერებს ოპოზიცია. მათი თქმით, განათლების იმ მინისტრისგან რომელიც ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს გასაკვირი არაფერია. თუმცა ოპოზიციისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია აგვისტოს ომთან დაკავშირებული ქვეთავი, რომელშიც მათი შეფასებით რუსული პროპაგანდის ელემენტებია შეტანილი, რაც დაუშვებელია.
ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა გაუგებარია “ქართული ოცნების” წევრებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოში მხოლოდ ფაქტებზეა საუბარი და მასში შეფასებები არ კეთდება. მმართველი გუნდის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს და მას მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით საქართველოს ისტორიაში უფრო მეტად დაფასებული ადგილი უნდა ჰქონდეს.
სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვიილის შეყვანის გამო პარტია “დროა” პერმანენტულ აქციებს აანონსებს. ამბობენ, რომ პროტესტს შედეგის მიღწევამდე არ შეწყვეტენ.