საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 ნოემბერს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და მონაწილე პირების ყურადღების მიღმა დარჩა. პროკურატურა აცხადებს, რომ მორიგ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევებას მოითხოვენ. პროკურატურამ უკვე მიმართა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიასაც, გვარამიას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. საგამოძიებო უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას Facebook-ზე გამოეხმაურა ნიკა გვარამია. ის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას პროკურორებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
“საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ერთხელ, ბიუროს სხდომაზე, ქალბატონ ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევი ხართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ. სასამართლო პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები. კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი – ანუ გაიგონა რაც ვუთხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პორკურორი. თქვენ ყველანი ან ყრუებად გამოაცხადეთ, ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად. მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც. ვნახოთ, იურისტის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე. იგივე მინდა ვაცნობო სასამართლოს. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას და გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, ჩემს წინააღმდეგ აღძრული, უფრო სწორად, შეკერილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მაშინებს. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით და ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს მიერ დაჩმორებულ და დაშინებულებად გამოიყვანეთ,” – წერს ნიკა გვარამია.