ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ისევ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი გახდება. მიხეილ სააკაშვილი სისუსტის მიუხედავად, ე.წ პიჯაკების საქმის განხილვაზე დასწრებას ითხოვს. ამ ეტაპზე უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლებას. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც პენიტენციურ სამსახურს შეეძლება უარი თქვას სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე.
მიხეილ სააკაშვილი მის სასამართლო პროცესზე მედიის წარმომადგენლების დაშვებას ითხოვს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, ექსპრეზიდენტთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სააკაშვილმა მიმართვაც გაავრცელა და სასამართლო მოუწოდა, ჟურნალისტებს, თუნდაც აპარატურის გარეშე, მისცენ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა. ეკა ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი კარგად გამოიყურება, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემები აქვს.
მიხეილ სააკაშვილი დღეს შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა და დედამ მოინახულეს. ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მზადაა ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს. ოპოზიციია ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან.
2 თვიანი პატიმრობისა და 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, 29 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტს პირველად მიეცა საკუთარ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, სადაც მისი პრეზიდენტობის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და ბოდიშიც მოიხადა. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქციაც გაიმართა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლებ აარ მისცა. ადგილზე არაერთი დაპირისპირება მოხდა. სამართლადამცავებმა ე.წ წიწაკის სპრეიც გამოიყენეს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგაც. აქციაზე პოლიციამ 15 პირი დააკავა.