საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა 3000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღევანდელ პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა, რომლებმაც განაცხადეს, რომ უგულავა საპროტესტო აქციის დროს გზის გათავისუფლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და პოლიციელებს “ძაღლები” უწოდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კი განაცხადა, რომ სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გიგი უგულავა 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.