საქალაქო სასამართლოსთან გუშინ გავითარებულ მოვლენებზე და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე, მედიის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ტელეკომპანია “კავკასია” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რასაც ტელეკომპანიის ოპერატორების დაზიანება მოჰყვა. არხის ხელმძღანელები სახელმწიფო ინსპექტორს, საქართველოს პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ. ტელეკომპანია ყველა იმ პოლიციელის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვს, ვინც ოპერატორებზე იძალადა.
სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტებზე და გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების გაშუქების დროს ვერ და არ უზრუნველყოფს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებას, რაც დღემდე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორები გუშინ, საქალაქო სასამართლოს წინ მიმდინარე აქციაზე დაშავდნენ. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, შედეგად რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორი, რომელსაც სასწრაფო დახმარება დასჭირდა. სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. ჟურნალისტებს გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ და მათზე ფიზიკურადაც ძალადობდნენ. მოჰყვება თუ არა გუშინდელ მოვლენებს რეაგირება უცნობია. არც ერთ უწყებას ამ დრომდე ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია.