ექსპრეზიდენტი დეკემბერში, საერთო ეროვნული აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის. მესამე პრეზიდენტი 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომასაც ეხმაურება და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, როცა საზოგადოებისთვის პირდაპირი მიმართვის საშუალება მიეცემა.
„ქართველი ხალხის აქტიურობა და პროტესტი არის საფუძველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ – ექსპრეზიდენტის ადვოკატების ინფორმაციით სააკაშვილის სურვილია, რომ 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მივიდეს და ქართველ ხალხს მიმართოს. უფლებადამცველების განმარტებით, მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დეპუტატებს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევათ და თუ აღნიშნულს წერტილი არ დაესმება, სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.
დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს – გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამით საკითხი არ დახურულა და ისინი სიტუაციაზე დაკვირვებას გააგრძელებენ. დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, საკუთარ სასამართლო პროცესებს დაესწროს.
რამდენიმე დღეში მოვლენების ეპიცენტრი საქალაქო სასამართლო იქნება. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრების საკითხზე 2 მთავარი ფაქტორი იყო – უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც კი რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში.