პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას ინიციატივას სთავაზობს, რომლის ამოქმედებაც მომავალი წლიდან იგეგმება. მთავრობის ინიციატივის მიხედვით შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელიც აქამდე დასაქმებით დაინტერესებული არ იყო, მოტივაციას გაუჩენენ და სამუშაო ადგილს შესთავაზებენ. ანაზღაურება ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ახლადდასაქმებულები სულ მცირე იმ თანხას მაინც მიიღებენ, რასაც სოციალური დახმარების სახით იღებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობა სიღარიბეს და უმუშევრობას შეაჩვიეს, რამაც ქვეყანაში მუშახელის დეფიციტი გამოიწვია.
მთავრობის ახალი ინიციატივის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფი კი საზოგადოებას ახალ სოციალურ ხედვას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ დასაქმების სპეციალური პროგრამის მთავარი პირობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება იქნება. ამიტომ, მათ გარანტიასაც მისცემენ, რომ დროებით დასაქმების შემტხვევაში სოციალურ დახმარებას არ დაკარგავენ. შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ტიპის არჩევის საშუალებაც ექნებათ.
პრემიერ ღარიბაშვილის იცინიატივას საზოგადოების დაცინვას უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი სწორედ “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგია და არა მოქალაქეების სიზარმაცის, როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს. ოპოზიციისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ გაახსენდა ირაკლი ღარიბაშვილს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 9 წლიანი მმართველობის შემდეგ.
როგორ აპირებს ხელისუფლება სამუშაო ადგილების შექმნას და 200 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქის დასაქმებას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შესაძლებლობების დეფიციტია გაუგებარია ეკონომისტებისთვის. ანალიტიკოსები პრემიერის ინიციატივის პერსპექტივას ვერ ხედავენ, ვინაიდან, მათი თქმით, ქვეყანას ისევ “ქართული ოცნება” მართავს.
ამ დროისთვის ქვეყანაში 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, მათგან კი როგორც პრემიერი ამბობს დაახლოებით 200 000 შრომისუნარიანია. რა სამუშაო ადგილებს და პირობებს შესთავაზებს მთავრობა მათ, წლის ბოლომდე გაირკვევა. ირაკლი ღარიბაშვილი არსებული სოციალური რეალობის ცვლილებას იანვრიდან გეგმავს.