სპეციალისტების ჯგუფი პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მალე შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს. რამდენიმე ურთულესი დიაგნოზი, რომელიც სპეციალისტებმა დაასახელეს, მკურნალობას დაუყოვნებლივ, პოლიპროფილური კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საჭიროებს. ექიმები ამბობენ, რომ შიმშილობა ყველაზე საშიში მდგომარეობაა და მისი მართვა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეუძლებელია. მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ ფუნქციურად გამართულ სამოქალაქო კლინიკაში, დიდი გამოცდილების მქონე მედპერსონალის პირობებში.
სახალხო დამცველისა და ექიმების მიერ მოზადებული დასკვნა გაიგზავნება სტრასბურგში. ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით ოფიციალურად უკვე მიმართა. ნინო ლომჯარიას თქმით, თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდება, ეს დასკვნა მაინც გადამწყვეტ როლს ითამაშებს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის.
ექიმთა ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კითხვებს არ უჩენს. ისინი თავადაც დიდი ხანია ამბობენ, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულება, ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობისთვის შეუსაბამოა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სახალხო დამცველის მიერ შერჩეული ექსპერტები მაღალი რანგის სპეციალისტები არიან და სამედიცინო წრეებში მათ კომპეტენციასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს.
“ქართული ოცნების” ლიდერები ერთხმად ამბობენ, რომ თუ ამ დასკვნას მოვლენების ცუდი სცენარით გაგრძელება მოჰყვება, შესაძლოა დოკუმენტის ავტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მმართველი პარტია ექსპერტთა ჯგუფს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად მოიხსენიებს, ამბობენ, რომ ექიმები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან.
შერბილებული და სრულიად განსხვავებული პოზიცია ქონდა დღეს თეა წულუკიანს. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ პატიმრის ჯანმრთელობა არის სამედიცინო საკითხი და არა პოლიტიკური. მისივე განმარტებით, მთავარია თავად ექიმები ჩამოყალიბდნენ ერთ კონკრეტულ აზრზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.