გაერთიანებული ოპოზიცია ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოს სხდომის დაუყოვნებლივ ჩანიშვნას ითხოვს | 17.11.2021

გაერთიანებული ოპოზიცია  ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დაუყოვნებლივ ჩანიშვნას ითხოვს.  ახლადარჩეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელისუფლებას დღეს საგანგებო ბრიფინგით მიმართეს. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” დროს შეგნებულად აჭიანურებს, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულომ არ განიხილოს. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ, ბოლო დროს დამტკიცებული ყველა დოკუმენტი, ანულირებული იქნება. “ქართული ოცნებაში” კი, ოპონენტებს ურჩევენ პრეტენზიების გასაქარწყლებლად კანონმდებლობას გადახედონ.

ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს სხდომას კი, რომელიც  დღეს გაიმართა ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. არჩილ მუმლაძემ და ნაზი ფუტკარაძემ მეოთხე მოწვევის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. პროცესის დატოვების მიზეზად  “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა განმარტა, რომ მას სხდომების ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მამულაძემ კი, პროტესტი იმით ახსნა, რომ წარმომადგენლობით ორგანოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 600-მდე საკითხი დააყენა, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა არც ერთი არ გაითვალისწინეს. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს ლეგიტიმაციის მიწურულს, ვეღარ აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც წართმეული აქვს.