ჩვენ მართლები ვართ – მსვლელობა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით | 15.11.2021

“გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში” – ამ მოთხოვნით მესამე პრეზიდენტის თანაპარტიელები და  მხარდამჭერები უწყვეტ საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. ოპოზიციის ლიდერებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა დღეს  ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მსვლელობა გამართეს და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ და გზადაგზა წარწერებსაც ტოვებდნენ – “თავისუფლება მიშას”, “ოცნება კლავს”. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღიურად უფრო გამწვავდება.

საპროტესტო მსვლელობა ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან გაჩერდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ორთაჭალისკენ  გაემართნენ. ისინი იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართულებით მიდიოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ამ უწყებებთან სამართალდამცველების მობილიზება დაიწყო, საპროტესტო მსვლელობამ მიმართულება შეიცვალა და უკან ბარათაშვილის ხიდისკენ გამოემართა.

საპროტეტსო აქციის პარალელურად დედაქალაქის ქუჩებში დღეს სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო მობილიზებული. გომელაურის უწყებამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტობუსებით სპეცდანისნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები განალაგა. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, დიდი რაოდენობით პოლიციელების და მათ შორის რობოკოპების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურებოდა.

საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა და ოპოზიცია გააფრთხულა, რომ თუ  გზის სავალ ნაწილს გადაკეტავდნენ, ამას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.  გომელაურის უწყების მუქარის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა დღეს სანაპირო მაინც გადაკეტეს.

ოპოზიციის ლიდერები აქციის გამართვას ხვალაც გეგმავენ და ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანს.