პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების რაოდენობა ყოველდღე იზრდება | 15.11.2021

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების რაოდენობა ყოველდღე  იზრდება. უკვე მეორე დღეა  საკანონმდებლო ორგანოშოი ნაციონალური მოძრაობის ცხრა დეპუტატი შიმშილობს. დეპუტატები  პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, “ქართული ოცნების” მიზანი პოლიტიკურ ოპონენტზე შურისძიებაა. მოშიმშილე დეპუტატები პროტესტის გამწვავებას არ გამორიცხავენ.

უკვე მე-14 დღეა  პარლამენტში შიმშილობს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.  ამბობს, რომ  ვიდრე  მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ პროტესტის ამ ფორმას გააგრძელებს. ამ ფონზე კი “დროას” ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. არსებობს თირკმელის გაჩერების რისკიც. აქედან გამომდინარე ელენე ხოშტარია მხოლოდ გადასხმებს თანხმდება.

მოშიმშილე დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებენ და პროტესტის მიზანს  იზიარებენ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც.  ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოსა და ჯანმრთელობის უფლება და ოპოზიციას უკიდურესი პროტესტის გარდა სხვა გზა უბრალოდ არ დარჩათ.

“ქართულ ოცნებაში” კი  ისევ ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ.  ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ეს ფორმა გაუმართლებად და არასწორად მიაჩნიათ, რადგან  თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იღებს ყველა საჭირო მომსახურებას და მისი, როგორც პატიმრის უფლებები დაცულია, ამიტომ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამეტში შიმშილობა ყოველგვარ არგუმენტს არის მოკლებული.