შიმშილობის 46-ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. სააკაშვილის ადოვაკატების მტკიცებით, ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ის კონსილიუმთან შეხვედრას ითხოვს. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტიც გაუკეთდა. ტესტი კი საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მათ უთხრა, რომ პენიტენციურის კოვიდინფიცირებულ თანამშრომელთან მას კონტაქტი ჰქონდა.
სააკაშვილთან ჯერ კიდევ არ შესულან კონსილიუმის წევრები, რომლებიც გუშინ, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 2 საათის განმავლობაში იცდიდნენ, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ისინი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვა, ოფიციალურ მიზეზად კი არასამუშაო დრო დაასახელეს. მანამდე პენიტენციური სამსახურს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა კონსილიუმის წევრებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურდა, რაც როგორც გაირკვა, ტყუილი აღმოჩნდა.