რეპრესიებისა და მასშტაბური დაკავებების ფონზე, ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს აგრძელებს | 13.11.2021

ხელისუფლების რეპრესიებისა და მასშტაბური დაკავებების ფონზე, ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს აგრძელებს. ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის ლიდერების, მათი მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. ეს არის შემაჯამებელი აქცია, რომელზეც პოლიტიკოსები გასულ კვირას განვითარებულ პროცესებზე ისაუბრებენ და საზოგადოებას სამომავლო სამოქმედო გეგმას გააცნობენ. უცვლელია მშვიდობიანი პროტესტის მთავარი მოთხოვნა – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული არჩევნების დაბრუნება.

ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების თქმით, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება მხოლოდ ხალხის უწყვეტი პროტესტით არის შესაძლებელი. ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება და ყველა სახელმწიფო უწყებასთან მივლენ, “რომელიც სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს ჩადის”.

აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. მათი მთავარი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში და გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.