„შემაშფოთებელია, როგორ ეპყრობიან სააკაშვილს“ – ამერიკელი ადვოკატი გლდანის ციხეში | 12.11.2021

მიხეილ სააკაშვილს დღეს გადასხმების გაკეთება შესთავაზეს, თუმცა მსჯავრდებულმა ესპრეზიდენტმა უარი თქვა. პატიმარი, რომელიც 43 დღეა შიმშილობს ამ დრომდე, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მიზანი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ტერორი და არაადამიანური მოპყრობა იყო, რაც კარგად გამოჩნდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებშიც.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში,  დღეიდან მისი ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი  ერთვება. იურისტი, რომელმაც დღეს  მსჯავრდებული საპატიმროში მოინახულა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებს აფასებს. მისთვის  შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. სენდვიჯმა  ასევე  აღნიშნა, რომ სააკაშვილი მისთვის შესაბამის დაწესებულებაში არ იმყოფება და იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა გართულდა, ექსპრეზიდენტის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.

მმართველი გუნდისთვის,  პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ულტიმატუმი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით,  მიუღებელია. რაც შეეხება, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მძიმე კადრებს,  “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ,  კადრები მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ აქტიური  პროპაგანდა დაიწყო.

დაირღვა თუ არა პატიმარ სააკაშვილის უფლებები – საკითხით უკრაინის პრეზიდენტი  დაინტერესდა.  ირაკლი ღარიბაშვილს და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  მთავრობის მეთაურმა, უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ  პატიმარმა სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან  განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.  ზელენსკის პოზიციას, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს და ინტერესებს, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. ირკვევა ისიც, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა, ზელენსკის უარი უთხრა, სააკაშვილის მდგომარეობა უკრაინელმა ექიმებმა შეამოწმონ.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან  გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში  8 ნოემბერს გადაიყვანეს. მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ თქვა, რომ სააკაშვილის გადაყვანა მისი ნებით განხორციელდა. უწყებამ ამის ამსახველი კადრებიც გაასაჯაროვა. თუმცა სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ის მოატყუეს, უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, რეალურად კი გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს. გუშინ კი პენიტენციურმა სამსახურა თავად გაავრცელა მძიმე კადრები, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის ჰოსპიტალში მოტყუებით და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანიდან რამდენიმე ადამიანს ძალის გამოყენებით გადმოჰყავს, მიათრევენ დერეფანში და შეჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ასევე ჩანს, რომ მომხდარის გამო გაბრაზებული სააკაშვილი ბადრაგს ეჩხუბება და სამედიცინო ინვენტარს აზიანებს.