ნაციონალური მოძრაობის შეთავაზება მმართველ პარტიას | 11.11.2021

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანს, “ნაციონალური მოძრაობა” პირობას დებს, რომ კლინიკის  მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები და პროვოკაციები არ იქნება.  ამ შეთავაზებით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა,  თინა ბოკუჩავამ და ხატია დეკანოიძემ დღეს  პარლამენტის თავჯდომარეს მიმართეს. შეხვედრა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და კახა კუჭავას შორის პარლამენტში შედგა. დეპუტატებმა კუჭავას განუმარტეს, რომ მათი მთავარი ამოცანა ახლა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა.  თავად პარლამენტის თავჯდომარეს  მედიასთან საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

“ნაციონალურმა  მოძრაობამ”  საკუთარი შეთავაზება საზოგადოებას გუშინ გააცნო დღეს კი ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. როგორც პარტიაში განმარტავენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტების ფონზე, აუცილებელია მისი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა.