მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დღეს ოპოზიციამ მორიგი აქცია გამართა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ახლოს შეიკრიბნენ. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კი სუს-თან გადაინაცვლეს. ლილუაშვილის უწყებას ასობით პოლიციელი იცავდა.
საპროტესტო აქციის ორ მონაწილეს დღეს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ – ქალს და მამაკაცს ერთ-ერთი კორპუსიდან ნასროლი ქვები მოხვდათ. ერთ-ერთი დაზარალებული პოლიციამ უკვე დაკითხა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.