მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 7 ნოებრის საქმეზე სააკაშვილის გარეშე | 10.11.2021

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბრამდე გადაიდო. მოსამართლეთა კოლეგიის ეს გადაწყვეტილება ადვოკატებს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება არ სურს. ადვოკატები ამბობენ, რომ მოშიმშილე ექსპრეზიდენტი მომდევნო პროცესზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებს. საქალაქო სასამართლომ დღეს დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ გაიზიარა.  უფრო მეტიც, ორი ადვოკატი სასამართლო სხდომაზე არ დაუშვეს. ამის შემდეგ, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ. 

საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღესაც ბრალდებულის გარეშე, თუმცა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გიგი უგულავა, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესს ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა, დარბაზიდან გააძევეს – მიზეზი მის მიერ მოსამართლესთან და პროკურორთან დაპირისპირება გახდა.  უგულავა ითხოვდა გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე მიეყვანათ და პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მომხდარიყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის საქმე. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.  7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.