დღეიდან უარს ვაცხადებ ყველანაირი მინერალისა და ვიტამინის მიღებაზე – სააკაშვილი „ოცნებას“ პასუხობს | 06.11.2021

საპატიმროში მყოფი პრეზიდენტის შიმშილობას “ქართული ოცნება” ისევ ეჭვის  ქვეშ აყენებს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 37 დღეა შიმშილობს, თუმცა მმართველ პარტიის ლიდერები მისი კვების რაციონზე, ყოველდღე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. იუსტიციის მინისტრი მედიასთან ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ფაფებს, წვენებს და მედიკამენტებს ღებულობს, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებს აძლევს საფუძველს თქვან, რომ შიმშილობა – სააკაშვილის დადგმული სცენარია. სახელისუფლებო მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭზე რეზექცია  გაიკეთა, რის გამოც მისთვის საკვების მიღება არ შეიძლება.

ხელისუფლების წარმომადგენლებისა  და რიგი  მედიასაშუალებების გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხიდან პასუხობს. მის მორიგ მიმართვაში ის ამბობს, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეიდან უარ​ს აცხადებს ყველანაირი მინერალისა და ვიტამინის მიღებაზე,  ის უარყოფს ინფორმაციას, კუჭზე ჩატარებული ოპერაციის შესახებაც.