„შეცდომა და დანაშაული“ – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მორიგი კრიტიკის სამიზნე გახდა | 04.11.2021

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე,  კიდევ ერთხელ თქვა, რომ  მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ზურაბიშვილი ამ განცხადების გამო, დღეს ოპოზიციის მორიგი კრიტიკის სამიზნე გახდა. თვლიან, რომ  ის რაც სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა, პოლიტიკური შეცდომა და დანაშაულია.  მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა გუშინ შეცდომა დაუშვა,  რადგან ხელიდან ქვეყნის განვითარებისა და პოლარიზაციის დასრულების შანსი გაუშვა.

ოპოზიციისთვის გაუგებარი აღმოჩნდა  სალომე ზურაბიშვილის შეფასებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2 ახალი წევრის არჩევის შესახებაც. ამბობენ, რომ პრეზიდენტი  აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, თუმცა სწორად მიიჩნევს რომ ამ სასამართლომ, სააკაშვილი გაასამრთლოს. სწორედ ამიტომ თვლიან, რომ  პრეზიდენტის გუშინდელი განცხახდებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ოპოზიციის ამ შეფასებებს არ იზიარებს მმართველი გუნდი.  ოპოზიციისგან და პრეზიდენტისგან განსხვავებით, “ქართული ოცნება” სასამართლო სისტემაში ხარვეზებს საერთოდ  ვერ ხედავს.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და პოლარიზაციის დასრულება რომ აუცილებელია, პრეზიდენტის მსგავსად, ამაზე თანხმდება  მმართველი პარტია და ოპოზიციაც.  თუმცა, ოპოზიციისთვის,  ზურაბიშვილის ეს მოწოდება ფარისევლურია. ამბობენ, რომ მათთვის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის.

პრეზიდენტმა თვითთმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პირველი კომენტარი გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი არჩევნებით კმაყოფილია. თუმცა თვლის, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.  პრეზიდენტმა  განსაკუთრებული აქცენტი ეპიდვითარებაზე გააკეთა და ეკლესიას, ვაქცინაციის მხარდაჭერა მოსთხოვა. ასევე ითხოვა ვაქცინაციისთვის რეგულაციების გამკაცრება. რაც შეეხება მსჯავდებულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.