პატრიარქის თხოვნა მიხეილ სააკაშვცილს და ექსპრეზიდენტის უარი – სააკაშვილი პოზიციას არ იცვლის | 04.11.2021

საქართველოს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას კიდევ ერთხელ სთხოვს. ქვეყნის ყველაზე მაღალი იერარქის გზავნილი მოშიმშილე პრეზიდენტს საპყრობილეში პატრიარქის მდივანმა გააცნო. მამა მიქაელ ბოტკოველი დღეს რუსთავის ციხეში მივიდა და სააკაშვილს ილია მეორის წერილი, მოკითხვა და სებისკვერი გადასცა. თუმცა მესამე პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

პატრიარქის მდივანმა დღეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ თუ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს, შესაძლოა შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან იშუალდგომლონ. თუმცა მამა მიქაელ ბოტკოველმა იქვე აღნიშნა, რომ საპატრიარქოში ასობით მსგავსი წერილი შედის და ყველა მათგანი არ კმაყოფილდება, განსაკუთრებით კი ის წერილები რომლებიც მძიმე დანაშაულს ეხება.

რუსთავის ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ელოდება. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა დღეს 320-ე საკნიდან მორიგი პოლიტიკური გზავნილი გამოიტანეს. სააკაშვილი წერს, რომ ერთადერთი ვისაც მისი გათავისუფლება შეუძლია ქართველი ხალხია.  მესამე პრეზიდენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობის და აქტივობის პროცესს და დარწმუნებულია, რომ ბრძოლა შედეგს გამოიღებს.

მიხეილ სააკაშილი რუსთავის  12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე 35 დღეა შიმშილობს.  ადვოკატების ინფორმაციით საქართველოს მესამე პრეზიდენტის  სასიცოცხლო პარამეტრები  უკვე საგრძნობლად გაუარესდა, რაზეც ჩატარებული ანალიზების პასუხები მიუთითებს. უფლებადამცველები მსჯავრდებული პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, ვიდრე პენიტენციური სამსახური ალტერნატიულ კომისიას მისი მონახულების საშუალებას არ მისცემს.

ალტერნატიულ კომისიას, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს  ციხეში შესვლის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევენ. მათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის თამთა დემურიშვილის პასუხი მიიღეს, რომელიც ექსპერტებს ლიცენზიას სთხოვს და მათ კვალიფიკაციაში ეჭვი შეაქვს. ცენტრი ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სახეზეა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მისი უფლებების დარღვევა, ვინაიდან პაციენტს უფლება აქვს თავად აირჩიოს ვინ გაუწევს სამედიცინო მომსახურებას.

სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში, თუ კერძო კლინიკაში იმ შემთხვევაში თუ მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება უცნობია. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში მოათავსებენ. თავად სააკაშვილი კი ციხის ჰოსპიტალზე უარს აცხადებს და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები