“შალვა პაპუაშვილს გენდერული ნიშნით თინა ბოკუჩავაზე ძალადობა არ ჩაუდენია” – ეს გადაწყვეტილება პარლამენტის გენდერულმა საბჭომ მიიღო. “ქართული ოცნების” დეპუტატსა და ნაციონალური მოძრაობის წევრ თინათინ ბოკუჩავას შორის ინციდენტი 18 ივლისს, პარლამენტში მოხდა, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. ოპოზიციისა და ჟურნალისტების მიერ გამოხატულ პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა ის შალვა პაპუაშვილმა ხელში აიყვანა და ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნული ფაქტი ძალადობად შეაფასა და ეთიკის საბჭოსგან შესაბამის რეგირებას ითხოვდა.