ჯანდაცვის ექსპერტები კორონა გენოციდის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ. პროფესორი დევი ტაბიძე ქვეყანაში ეპიდვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმებას პროგნოზირებს და ვარაუდობს, რომ მალე ინფიცირებულთა რაოდენობა 7 000-ს გადააჭარბებს.
მძიმე ეპიდვითარების ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების მართვას ჯერჯერობით ახერხებს. არ იგეგმება არც დამატებითი საველე რესურსის მობილიზება. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრი სმოადგილე ამბობს აუცილებელია გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, რადგან ეს არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია. გამოსავალს მინისტრი ე.წ მწვანე პასოპორტების ამოქმედებაშიც ხედავს. თამარ გაბუნიას განმარტებით, არსეული მოდელით კოვიდ პასპორტის გამოყენება მოქალაქეებს გართობის ღონისძიებებზე, სარესტორნო ბიზნესში, სასტუმროებსა და მსგავსი ტიპის ადგილებში მოუწევთ.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვს კი 6024 ადამიანი დაემატა. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 3868 ადამიანი აიცრა. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროზე მიმართონ იმინიზაციის ცენტრებს და ვაქცინაციასთან ერთად მკაცრად დაიცვან დაწესებული რეგულაციები.