უკრაინის სახალხო დამცველმა, მისთვის და უკრაინის სხვა მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტისას შექმნილ პრობლემებზე, უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა და მისგან განმარტებები მოითხოვა. ლუდმილა დენისოვამ ელჩთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ქართველმა მესაღვრეებმა ქვეყანაში შესვლის უფლება, 40 წუთიანი შეფერხების შემდეგ მისცეს, თან ისე, რომ მიზეზი არავის განუმარტავს. დენისოვას თქმით, ქართულმა მხარემ განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვა უკრაინის მოქალაქეები, ადვოკატები და ჟურნალისტებიც. უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს და ყველაფერი გაკეთდეს სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების დასაცავად. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაჰპირდა, რომ მის მიერ წამოჭრილ საკითხებს საქართველოს ხელისუფლებამდე მიიტანს და შესაბამის განმარტებებს წარუდგენს. შეხვედრის დეტალებზე დენისოვამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.