წინასაარჩევნო ხრიკი და ძალის დემონსტრირება – „სუსი“ ერთ პარტიას ემსახურება – ოპოზიცია | 30.10.2021

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც სუს-მა აღკვეთა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ და მედიასთან სხვა აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებასაც ანონსებენ. „ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეს გამოეხმაურა, კახა კუჭავაა. მისი თქმით ეს იყო ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების დაწყება.

წინასაარჩევნო ხრიკად და ძალის დემონსტრირებად აფასებენ ოპოზიციაში სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დაწყებულ ახალ გამოძიებას. ხელისუფლების ოპონენტებს „ქართულ ოცნებას“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის ფორმა რითიც მმართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის უკანონოა. მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ პარტიას ემსახურება.

გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე” გამოძიება დაიწყო. სუს-მა აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები “დესტრუქციულ ქმედებებზე” საუბრობენ.