“ამ ქვეყანას ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი არ ჰყავს” | 30.10.2021

“გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს აპირებს გახდეს ცუდად” ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მმართველი გუნდის ლიდერები სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შიმშილობის სიმულირება წარუმატებელი იქნება. პრემიერმა ექსპრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებსა და სხვადასხვა დანამატებს იღებს. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი მისი მხარდამჭერების გრძნობებზე მანიპულირებს. ციხეში, მიხეილ სააკაშვილის უფლებების შეზღუდვის შესახებ დღეს პირველად გაიგო კახა კუჭავამაც. მისი თქმით, ყველა ადამიანი ვინც ციხეშია თანასწორუფლებიანია და მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ისეთი იქნება, როგორც სხვა შემთხვევებში.

„ამ ქვეყანას ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის, რამიშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი არ ჰყავს“ – ასე გამოეხმაურა ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. როგორც მან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ქართველი ხალხის მიერ იქნება უზრუნველყოფილი. მელიას თქმით, დღეს არის ისტორიული შანსი, დასრულდეს ისტორიული უსამართლობა და გადარჩეს ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე. ექსპრეზიდენტს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ იზრუნოს. გახარიამ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა კარგად ორგანიზებულ კომედიად შეაფასა.