საერთაშორისო სკანდალი და მეგობარ უკრაინასთან გადაკვეთილი წითელი ხაზები | 28.10.2021

“საერთაშორისო სკანდალი და მეგობარ უკრაინასთან გადაკვეთილი წითელი ხაზები” – ასეთია ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის შეფასება, ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, თბილისში არ შემოუშვეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 დღეა არ აქვს პასუხი, თუ რა გახდა,  უკრაინელი ჟურნალისტის დეპორტაციის მიზეზი.  როგორც თავად დიმიტრი გორდონი ამბობს, მიზეზები ქართველ მესაზღვეებს არც მისთვის განუმარტავთ.  მისი თქმით,  ყველაფერი, რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია. როგორც ირკვევა, ჟურნალისტი თბილისში ორი მიზნით ჩამოდიოდა, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად და მისი აკადემიის გასვლით შეხვედრაზე დასასწრებად.

საერთაშორისო სკანდალზე საუბრობს ოპოზიციაც. თვლიან, რომ გორდონისა და მისი მეუღლის საქართველოდან დეპორტირებას პოლიტიკური მოტივი აქვს და საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ ფორმით ცდილობს გაექცეს იმ კრიტიკას რაც მათ მიმართ უკრაინული მედიიდან მოდის.  “ქართული ოცნებაში” ამ ბრალდებას არ იზიარებენ, თუმცა არც იმ მიზეზებს ასახელებნ, რატომ აეკრძალა უკრაინელ ჟურნასლისტს თბილისში შემოსვლა. ამბობენ, რომ მომხდარი  საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე გავლენას, ვერ მოახდენს.

უკრაინელი ჟურნალისტის თბილისიდან დეპორტაციის ფაქტს,საპატიმროდან ექსპრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილიც ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, მომხდარი საერთოდ არ გამოხატავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ზოგადად მედიის წარმომადგენლების და უკრაინელი მეგობრების მიმართ.  ის მომხდარს, საქართველოსთვის შავი ლაქად აღიქვამს.