მიხეილ სააკაშვილი რუსტავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე 28-ე დღა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სულ უფრო რთულდება.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს მსჯავრდებულისთვის მინიჭებული ყველა უფლებით, რასაც მასთან ვიზიტების რაოდენობაც ადასტურებს.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და ოპოზიციის წარმოამდგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ მსჯავრდებული პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას პროგნოზირებენ. მათივე თქმით მოშიმშილე სააკაშვილი გლდანის ციხის ჰოსპიტალში საჭირო სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს.
“შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა და პატარა შოუ” – ასეთია “ქართული ოცნების” ლიდერების შეფასება ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება. “ქართულ ოცნებაში” სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ისევ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ციხე კურორტი არ არის და სააკაშვილის მიმართ სხვა მსჯავრდებულების მსგავსი დამოკიდებულება იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი თვლიან, რომ ხელისუფლებამ სამედიცინო კომისიის და სახალხო დამცველის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს და ყოფილი პრეზიდენტი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს. ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის არანაირ სამართლებრივ არგუმენტებს არ ეფუძნება.
320-ე საკანში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, შიმშილობის პერიოდში, სამედიცინო დახმარება უკვე რამდენჯერმე დასჭირდა. თუმცა, ახლა მან საკვებთან ერთად მკურნალობაც აკრძალა. ადვოკატები შიშობენ, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია და არსებობს გულის გაჩერების რისკი.