ამერიკის სენატში გამართულ მოსმენაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთს წინააღმდეგ თავდაცვის მექანიზმებზე ისაუბრა. ამერიკელი კანონმდებლის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე კარგი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, სენტორმა თქვა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, დემოკრატიული რეფორმების გამყარება უნდა გააგრძელონ. მისივე თქმით, ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი სწორედ შავი ზღვაა. სენატორი ამბობს იმასაც, რომ რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატო-ს გაფართოების შეჩერებასა და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ითვალისწინებს.
“ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს.რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სენატორი მერფი და მე, უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები,” – განაცხადა ჯინ შაჰინიმ.