მიხეილ სააკაშვილთან კავშირში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. ქვეყანაში არ შემოუშვეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში და მისი მოადგილე, იუგენი სუშენკო, რომლებიც კიევიდან თბილისში დღეს ცამოვიდნენ. ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალეს ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს და მის მეუღლესაც, რომელთა წინააღმდეგ დეპორტაციის პროცედურა დაიწყეს. ისინი თვლიან, რომ ქართული მხარის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან მათ ურთიერთობას უკავშირდება. უკრაინიდან საქართველოში სულ 6 ადამიანი ჩამოვიდა, მათგან თბილისში მხოლოდ ორი რადას დეპუტატები, იულია კლიმენკო და ალექსანდრ კოვალჩუკი შემოუშვეს.
“საერთააშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – ასე აფასებს უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. გორდონი “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მისი და უკრაინული დელეგაციის წევრების დეპორტაცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.