„ქართული ოცნების“ ქმედებები სააკაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკურია“ | 26.10.2021

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სახალხო დამცველის და ექიმების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის  ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს, რაზეც ექიმებისგან შემდგარი კონსილიუმიც მიუთითებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებსაც აფასებენ და ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” ქმედებები  სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკურია.

“ქართული ოცნების” ლიდერები  სახალხო დამცველს ოპოზიციის ინტერსების გატარებაში,  მიხეილ სააკაშვილს კი სპეკულაციაში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი ჰოსპიტალიზაციას ჯერ-ჯერობით არ საჭიროებს და ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მას სამედიცინო დახმარებას გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში აღმოუჩენენ. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ციხის საავადმყოფოში კვალიფიციური მკურნალობისთვის ყველა რესურსი არსებობს.

ოპოზიცია კი “ქართულ ოცნებას” ურჩევს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშის ნაცვლად გონს მოეგოს და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. პოლიტიკოსები მმართველ პარტიას მოუწოდებენ ადეკვატური პასუხი გასცეს სახალხო დამცველის დასკვნას, რომელშიც ნათქვამია, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში არსებული ვითარება არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ასევე არსებობს რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

არის თუ არა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების ჰოსპიტალი მზად მოშიმშილე პრეზიდენტის მისაღებად – სახალხო დამცველის მონიტორიგის და უარყოფითი დასკვნის შემდეგ დაწესებულებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. დასკვნას კი უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.