უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე – სააკაშვილის შიმშილობის 26-ე დღე | 26.10.2021

ექსპრეზიდენტის შიმშილობის 26-ე დღეს,  ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის  საჭიროება არ დგას.  საპირისპიროს ამტკიცებენ სააკაშვილის ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ერთვებიან.

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება პოზიციას არ თმობს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო დადებს დასკვნას, რამდენად აკმაყოფილებს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება პაციენტების მოთხოვნებს. ტიკარაძე ამბობს, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ,თუ მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი თანაგუნდელი კობა ნაყოფია შეხვდა.  ნაციონალური მოძრაობის წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილისთვის მრავალპროფილური კლინიკა უზრუნველყოს. როგორც ნაყოფია ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ეშინია და კერძო კლინიკაში სწორედ ამიტომ არ გადაყავთ.

320-ე საკანში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამედიცინო დახმარება უკვე რამდენჯერმე დასჭირდა. ადვოკატები ამბობენ,რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. არსებობს გულის გაჩერების რისკიც.