მას შემდეგ, რაც მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი, მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, ჯანდავის სექტორში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა, განსხვავებულია ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია. ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება.
ვიდრე ვაქცინაციის კითხზე რაიმე შეთანხმება შედგება, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ე.წ „მწვანე პასპორტების” შესახებ პაკეტით საკოორდინაციო საბჭოს მიმართა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, პასპორტებზე, რომელიც აუცრელი ადამიანებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, გადაწყვეტილება საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა მიიღოს.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმდება. მაღალია სიკვდილიანობის და ახალი ინფიცირების მაჩვენებელი. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობას კი 4762 ადამიანი შეემატა. შემთხვევათა მაღალი მაჩვენებლის ფონზე კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 4927 პირი აიცრა.