რომელი ნესტან-დარეჯანია სააკაშვილი, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?! – “ოცნება” | 25.10.2021

“ქართული ოცნების” ლიდერები მიხეილ სააკაშვილს სპეკულაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თუ მესამე პრეზიდენტის  ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგება,  მას მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მმართველ პარტიაში ირწმუნებბიან, რომ გლდანის მე-18 დაწესებულების ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებისთვს ყველა პირობა არსებობს და სააკაშვილის უსაფრთხოებაც დაცული იქნება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ შიმშილობაზე პასუხისმგებელი თავად სააკაშვილია, ხოლო გართულების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. აქვე, ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა გადასხმებთან ერთად გარკვეული საკვებიც მიიღო, თუმცა კობახიძემ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ოპოზიცია კი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს გონს მოეგოს და პოლიტიკურ შურისძიებას თავი დაანებოს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობასის საფრთხე შეექმნება, ამან შესაძლოა არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.  ოპოზიცია თვლის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი სწორედ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.