ირაკლი ღარიბაშვილს ახალი სამიზნე ჰყავს – ნიკა მელიას მიერ წარდგენილი თბილისის პირველი კოალიციური მთავრობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ქალაქში ოპოზიციის წარმომადგენელი გაიმარჯვებს, ოპოზიციონერ მერებს მართვის საშუალება არ ექნებათ, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და საკრებულოებშიც უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ მეორე ტურისთვის „სრული მობილიზაცია“ აქვთ გამოცხადებული და მხარდამჭერებს მოუწოდებენ, არცერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის გამარჯვება არ დაუშვან.
„არ გვაინტერესებს ღარიბაშვილი-კობახიძე, ჩვენ ვხვდებით ხალხს“ – ასეთია ოპოზიციური კოალიციის პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ თბილისს პოლიტიკური კრიზისი ნიკა მელიას მერად არჩევის შემთხვევაში არ ემუქრება. ოპოზიციისთვის პრობლემას არც ის წარმოადგენს, რომ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ მელიას მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნება” დაიშლება.
„ქართულ ოცნებაში“ კი თბილისის საკრებულოში პარტიის უმრავლესობის დაშლას გამორიცხავენ. მათი თქმით, დაშლის წინაპირობა არ არსებობს. მმართველი პარტიის დეპუტატები დედაქალაქის მთავრობის დაკომპლექტების შემოთავაზებულ მოდელს ფარსს უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერებს სურთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და უპერსპექტივობა პერსპექტიულობად გაასაღონ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ჩრდილოვანი კაბინეტის წევრებთან ერთად ახლა 30 ოქტომბრის არჩევნებს ელოდება. მანამდე კი ოპოზიციონერი ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ და გეგმავენ, რომ იმ დაპირებების შესახებ ესაუბრონ, რომლებიც ნიკა მელიამ, გამარჯვების შემთხვევაში გასცა. მათ შორისაა საჯარო სკოლებში უფასო კვება და 100 ლარიანი დანამატები პენსიონერებისათვის.