მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო დღეებში მსჯავრდებულს წნევის ცვალებადობა ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სამარტოო საკანში მყოფი ექსპრეზიდენტი დანებებას არ აპირებს. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმების კონსილიუმის მოწვევას, ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შევა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. კონკრეტული თარიღი დღევანდელი შეკრების შემდეგ გადაწყდება. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში არ არის ჩართული, რადგან მისი თქმით, ამის უფლება არ აქვს. თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი მზად არის, აწარმოოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.
წარსდგება თუ არა მოშიმშილე ექსპრეზიდენტი უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე. ადვოკატების ეს მოთხოვნა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. იურისტების შეფასებით, სასამართლო პროცესის ჩანიშვნა შეგნებულად ჭიანურდება, რადგან ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის საჯაროდ გამოჩენის ეშინია.
მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნებას 3 ოქტომბერს აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა “ქართულ ოცნებას” სიურპრიზი მოუწყო და სოციალურ ქსელის მეშვეობით მხარდამჭერებს საქართველოდან მიესალმა. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ძებნილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ ჰქონდა, ექსპრეზიდენტი დღის ბოლოს სწორედ თბილისში დააკავეს.