“სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე” – ასეთია ევროპარლამენტარების მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ევროპელი დეპუტატების წერილში, რომლის ინიციატორი პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგაა, საუბარია საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების აუცილებლობაზე. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ საქართველოს ექს პრეზედენტისთვის წარდგენილი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება.
“ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას პროცესის წინსვლისთვის. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიააცით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო “ქართულმა ოცნებამ“. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის,” – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერიშლი.
ევროპარლამენტარების წერილი, რომელიც მედიაში გავრცელდა არის პირველადი ვერსია. ერთობლივი განცხადება კი ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლის ხელმოწერით მალე გასაჯაროვდება.