თავისუფლების მოედანზე, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაცია გამოაცხადა და პარტიის აქტივი ყველა რეგიონიდან თბილისისკენ მოემართება.
დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ორგანიზატორებმა სამზადისი დილიდან დაიწყეს. საკრებულოს შენობის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. სწორედ ამ სცენიდან პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს მიმართავენ. ადგილზე შეკრებილები არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები. პოლიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ აქცია მასშტაბური იქნება და ათობით ათასი ადამიანი შეუერთდებათ. თითოეული მათგანი ერთხმად ამბობს, რომ ეს არის ბრძოლა ქვეყნის გათავისუფლებისთვის და საზოგადოებას მობილიზებისკენ და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე დაიწყება. უკვე გადაკეტილია დედაქალაქის მთავარი მოედანი. ხალხი აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან მოდის. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ უერთდება.