„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაანონსებულ აქციაზე “ქართულ ოცნებაში” უკვე რამდენიმე დღეა ხუმრობენ, ექს პრეზიდენტს რეციდივისტად მოიხსენიებენ. პარტია „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანი, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნაა. დაანონსებული აქციები კი შედეგს ვერ მოიტანს, რადგან მას ლეგიტიმაცია არ აქვს. მმართველი პარტიის ლიდერებისგან დღეს ისმოდა მუქარაც, მათი თქმით, თუ აქციაზე ადგილი ექნება კანონდარღვევას, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
მმართველი პარტიის ირონიული დამოკიდებულების მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხვალინდელი აქციისთვის აქტიურად ემზადებიან. აქციის მთავარი მიზანი ერთის მხრივ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება, ხოლო მეორეს მხრივ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხვონაა. ქართველ ხალხს ციხიდან ექსპრეზიდენტიც მიმართავს და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, აქციაზე მისვლას კიდევ ერთხელ სთხოვს.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ხვალინდელ აქციას არ უერთდება. „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „მოქალაქეები“ თვლიან, რომ აქციას არაზუსტი ამოცანა აქვს. მათთვის გაუგებარია, რა მეთოდებით გაგრძელდება ბრძოლა აქციის შემდეგ. თუმცა, ოპოზიციაში იზიარებენ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და მისი გათავისუფლება მალე უნდა მოხდეს. ოპოზიცია თანმხდება იმაზეც, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური ზეწოლისგან უნდა გათავისუფლდეს.
ოპოზიციური სპექტრიდან ელენე ხოშტარია ერთადერთია, რომელიც ხვალინდელ აქციას შეურთდება. „დროას“ ლიდერის თქმით, სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესს სცდება. ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში სასამართლო არ არსებობს და ნებისმიერი ადამიანი, სიმპატიების მიუხედავად, დაცვას საჭიროებს.