მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, საჭიროა პირადი ექიმის დაკვირვება“ | 13.10.2021

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ექსპრეზიდენტთან ამ დრომდე არ უშვებენ მის პირად ექიმს. ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და საციცხლოდ მნიშვნელოვანია პირადი ექიმის დაკვირვება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტს ფაქტობრივად ადასტურებს პენიტენციური სამსახური, რის გამოც უწყება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზისთვის, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოიყოფის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს  მიმართავს. სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება მიიღოს.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის ფონზე,  ვიცე პრემიერი – თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კულტურის მინისტრის რიტორიკა უცვლელია. წულუკიანი ამბობს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ციხეში უნდა დარჩეს.

პატიმრის უფლებების დაცვის კონტროლი იუსტიციის სამინისტრომ  უკვე შესთავაზა საკანონმდებლო ორგანოს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის,  კონსულტაციები ოპოზიციასთანაც გაიმართება. ინიციატივას კი მმართველი გუნდი დადებითად აფასებს, თუმცა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებს კვლავ  ეჭვქვეშ აყენებს.

სააკაშვილის შიმშლობის და ამ თემაზე, პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, იზრდება იმ სასულიერო პირთა წრე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.  მეუფე ნიკოლოზის, მეუფე მელქისედეკის და მიტროპოლიტი იოსების შემდეგ, ამჯერად განცხადებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ავრცელებს. მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას 3 ოქტომბერს აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა “ქართულ ოცნებას” მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო და სოციალურ ქსელის მეშვეობით მხარდამჭერებს საქართველოდან მიესალმა. მალევე ექსპრეზიდენტმა რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში იმყოფებოდა. “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ ძებნილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთილი არ ჰქონდა. დღის ბოლოს კი მმართველი პარტიის ლიდერებს  უხერხული რეალობა დაუდგათ.  პრემიერმა ღარიბაშვილმა  საზოგადოებას აცნობა, რომ სააკაშვილი, თბილისში  დაკავეეს.