“კვალის არევის მიზნით, ისინი იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებსა და თავშესაფარ ადგილებს“ – 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით, დაიკითხა ათეულობით მოწმე და შესაძლოა გაფართოვდეს ბრალდებულთა წრეც, თუმცა ისევ უცნობია სავარაუდო დამკვეთის შესახებ ინფორმაცია. გომელაურის უწყების ინფორმაციით ბრალდებულებმა ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. საგამოძიებო უწყების ცნობითვე, მკვლელობის შემდეგ, მათ ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ მაღაზიაში სისხლიანი ტანსაცმელიც გამოიცვალეს.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის დაკავებულებს, დღეს ბრალი ოფიციალურად რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულებში დაწესებულებაში გააცნეს. ბრალდებულების ადვოკატების მტკიცებით, ამ ეტაპზე, ორივე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ბრალში გარკვეული ხარვეზები არსებობს და ყველაფერი კარგად უნდა იქნეს შესწავლილი. ამასთან, აკაკი ჭელიძის ადვოკატმა დაადასტურა საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დაკავებისას ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს.
ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრეს. მას 10 ტყვია იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა. მკვლელობაში ბრალდებულები აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე პოლიციამ გუშინ, წყნეთში დააკავა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.