ხმაური ციხესთან. სააკაშვილს საკანში ტელევიზორი და ლეიბი შეუტანეს | 08.10.2021

ხმაური იყო რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზვიად კუპრავა დააკავეს. რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღეს დილიდან მივიდნენ. მათ ციხის პერიმეტრზე პროტესტის ნიშნად წარწერების დატოვება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეთა თქმით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება.

დღესვე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები შეხვდნენ. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტს უკვე შეუტანეს ტელევიზორი და ლეიბი, თუმცა სააკაშილს ზარების განხორციელების უფლება ჯერ-ჯერობით არ აქვს. ადვოკატების თქმით ციხის ექიმები, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად აკვირდებიან, თუმცა ითხოვენ, რომ  სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმებმა მოინახულონ.