შიმშილობის მე-7 დღე – მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს | 07.10.2021

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის გზავნილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან დღეს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გამოიტანა. სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას და პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ხმების გადათვლა და ყველა სამართლებრივი საშუალების გამოყენება. მსჯავრდებული პრეზიდენტი საკუთარ მხარდამჭერებსაც მიმართავს და წინასაარჩევნო აქციებისთვის მზადებისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მე7-ე დღეა შიმშილობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს ადვოკატებმა მოინახულეს. მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი, ლეიბი და არ ეძლევა სატელეფონო ზარის უფლება. ამ ყველაფრის ფონზე კი, როგორც ნიკა გვარამია ამბობს, მოშიმშილე სააკაშვილს დღეს საპატრიარქოს მიერ მიტანილი სებისკვერები შეუტანეს, რაც მისი თქმით წამების ტოლფასია. ადვოკატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშილისთვის ყოფითი პირობების გაუარესებას ცდილობს, რათა მასზე ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინოს.

სააკაშვილის უფლებადამცველები სასამართლო სხდომის დროულად ჩანიშვნას ითხოვენ და ხელისუფლებას პროცესის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სხდომა 20 ოქტომბრის შემდეგ ჩაინიშნება, შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს. ვინაიდან შიმშილობის გამო არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს.

დღესვე, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში პატრიარქის მდივანი მივიდა. როგორც დეკანოზმა მიქაელ  ბოტკოველმა განაცხადა, ის ციხეში პატრიარქის კურთხევით იმყოფებოდა. მისი თქმით, სააკაშვილს უწმინდესის დალოცვა და მოკითხვა გადასცა და სთხოვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, რაზეც მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დეკანოზიც, თუმცა მას ციხეში შესვლის უფლება არ მისცეს. დეკანოზ ამბროსი თორდიას სურდა, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ხატი და ლოცვანი გადაეცა და ეთქვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მას სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. დეკანოზს უთხრეს, რომ ციხეში შესასვლელად შესაბამისი დოკუმენტაცია სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ყოფილმა პრეზდენტმა საკუთარ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა და საზოგაოდებას ამცნო რომ საქართველოში იმყოფებოდა. როგორც გაირკვა სააკაშვილი ქვეყანაში 4 დღის ჩამოსული იყო, გადაადგილდებოდა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ისე, რომ ქვეყნის სამართალდამცავმა უწყებებმა ამჯის შესახებ არაფერი იცოდნენ, მეტიც ამტკიცებდნენ, რომ ძებნილ პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია. თუმცა, დღის ბოლოს პრემიერმა ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი მართლაც საქართველოში იმყოფებოდა და ის  თბილისში  დაკავეეს.