ოპოზიციისთვის გაუგებარია, რა უხარია „ოცნებას“ – მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე | 05.10.2021

“ქართული ოცნება” ისევ ამტკიცებს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ყველა დიდ ქალაქში წაგებული პარტიის წევრები დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებდნენ, რომ ოპოზიცია დაამარცხეს და 2 ოქტომბრის არჩევნებით საკუთარი მანდატი კიდევ უფრო გაიმყარეს.

ოპოზიციისთვის გაუგებარია რა უხარია “ქართულ ოცნებას”, როდესაც 20 ქალაქში მეორე ტურის ჩატარება დასჭირდათ და მათ შორის თბილისშიც. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის და სხვა დარღვევების მიუხედავად მმართველ პარტიას არჩევნების მეორე ტურშიც დაამარცხებენ.

დამარცხებას არ აღიარებენ, თუმცა 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაუარესებული რეიტინგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს რამდენიმე ფაქტორს დაუკავშირა. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის წასვლას, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას და გიორგი გახარიას მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას. ყოფილი პრემიერი დღეს პლენარულ სხდომაზე არაერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა გააკრიტიკა. საპასუხოდ კი გახარიას გუნდის წევრებმა “ოცნების” ლიდერებს  ის განცხადებები შეახსენეს, რომლებსაც გახარიას მიმართ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი აკეთებდნენ.

“გირჩის” წევრები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სწორედ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ჩამოვიდა, ვინაიდან მათი თქმით ქვეყანაში ორპოლუსიანობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აწყობს. ამავე აზრზეა პარტია “ლელოც”.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური განცხადებები მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრებმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთეს, რომელიც 1 თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს განახლდა.