სენატორი რიში საქართველოში ჩატარებული არჩევნებით იმედგაცრუებულია | 05.10.2021

სენატორი რიში საქართველოში ჩატარებული არჩევნებით იმედგაცრუებულია. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვთმმართველობის არჩევნებს განცხადებით ეხმიანება. რიში წერს, რომ ეს არჩევნები დრამატულად განსხვავდებოდა 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც ის საქართველოში აკვირდებოდა. სენატორის თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით გააგრძელებს დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურზე. ჯიმ რიშის განცხადებით, მას აშფოთებს მრავალრიცხოვანი ცნობები ამომრჩევლების დაშინების და მოსყიდვის შესახებ.

თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი მმართველ პარტიას, “ქართული ოცნებას” აქვს. მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა” 30%-ზე მეტი ხმით და მესამეზე “გახარია-საქართველოსთვის” რომელსაც ხმა 7%-ზე მეტმა მისცა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლებათ სხვა პარტიებსაც, მათ შორის, “ლელოს”, “გირჩი-მეტი თავისუფლება”-ს და “ანა დოლიძე-ხალხისთვის”. ამასთან, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს შორის.  არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.